8/5/08

ქვეშეთის საიტი

8/4/08

დღიური


პირველი დღე 31.07.08

პირველი დღე დაიწყო 7 წევრისაგან შემდგარი ჯგუფის ჩამოყალიბებით. მოვიფიქრეთ სახელწოდება,ლოგო და დევიზი.მუშაობას დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით შევუდექით.ჯგუფის სახელწოდებად შევარჩიეთ სახელწოდება “სტარს”-ვარსკვლავი,დევიზი “... და აუცილებლად დადგება წამი,როდესაც ვარსკვლავის ძალა შემოდის ჩვენში და სასწაულების მოხდენის ნებას გვაძლევს”
დღის ბოლოს ყველა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი პრეზენტაცია და მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენც.


მეორე დღე 01.08.08


გათენდა მეორე დღეც,პაატა და პავლე მასწავლებლების მიერ ჩატარებული საინტერესო კონკურსის დახმარებით, სახალისო ფორმით გავარკვიეთ,თუ რუ რა თვისებებით ხასიათდება ნამდვილი მკვლევარი და კვლევის რა გზები არსებობს.ამის შემდეგ შევუდექით საკუთარი კვლევის სტრატეგიის შემუშავებას: შევადგინეთ საინტერესო კითხვარი ქვეშეთის შესახებ, ჩამოვწერეთ ჩვენთვის ცნობილი ფაქტები და ჩამოვაყალიბეთ ჰიპოთეზა, რომლის დამადასტურებელი ან უარმყოფელი ფაქტებიც უნდა მოგვეძიებინა მომდევნო დღეს-სოფელში გასვლით-”საველე სამუშაოებზე”.კვლავ მოხდა ამ დღის ნამუშევრის პრეზენტაცია და ჯგუფების ჰიპოთეზების წარდგენა.ჩვენი ჰიპოთეზა ქვეშეთის ინფრა სტრუქტურის განვითარებას ეხება.დავგეგმეთ მომავალი დღე,ყველაფერი ცოტა დამღლელი იყო მაგრამ ეს არაფერი,
რაც მთავარია თითოეული ჩვენი გუნდის წარმომადგენელი კმაყოფილი იყო თავისი შრომით.


მესამე დღე 02.08.08

მესამე დღე დაიწყო საკონფერენციო დარბაზში შეკრებით. სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგი. მისი თემა შეეხებოდა ისეთ საინტერესო საკითხს, როგორიცაა: როგორ გამოვიცნოთ სწრაფად საიმედოა თუ არა საიტი და როგორ გავერკვეთ რეკლამის ხრიკებში, გავეცანით ინფორმაციის მოპოვების ეფექტურ გზებს ინტერნეტში. შემდეგ ყველა ბავშვებმა და მასწავლებლებმა შევავსეთ კითხვარები, რომელიც შეეხებოდა ტრენინგის თემას და დაგვეხმარა მოცემული მასალის კარგად ათვისებაში.


მეოთხე დღე 03.08.08

მეოთხე დღეს გუნდები საველე სამუშაოებზე წავედით. შევაგროვეთ მასალები პირველადი და მეორადი წყაროების დახმარებით. გავესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობას და გამგებელს, მუშაობის პროცესში გადავიღეთ სურათები, მოვაგროვეთ საინტერესო ფოტო მასალა და ინფორმაცია. იყო კურიოზული მომენტებიც-როდესაც ვაგროვებდით ინფორმაციას ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების შესახებ,მასპინძელი ოჯახიდან არ გამოგვიშვეს,სანამ ყველას არ გაგვასინჯეს ანწლის მურაბა. ინფორმაციის მოძიების შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაცია. ეს დღე ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოდგა, ვცადეთ თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაზე გამოყენება და დარწმუნებულები ვართ აქ მიღებული ცოდნა კიდევ მრავალჯერ გამოგვადგება ცხოვრების მანძილზე.